დღის ამბები ცნობილი ადამიანები

“2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ღია წერილით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„1 წელზე მეტი ხანი გავიდა ჩემს სახლში სუს-ის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის შემდეგ და ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დასადგენად. ეს ხელისუფლება ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ არის ყრუ და ბრმა. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ჩვენ და ეს პროცესი ერთი წელია უწყვეტად გრძელდება. უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა! მე 1 წელია სამართლებრივი და პოლიტიკური გზებით ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. ამ ბრძოლაში მეგონა, რომ მარტო ვიყავი, თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები შევიძინე. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ ?! ხომ აშკარაა, რომ სუს-ის მიზანია მე, ჩემი ოჯახი ისევ ტერორისტებად მოგვნათლოს და ამ სახელით გაგვანადგუროს?! 9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი, მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი, ვინც შვილი მომიკლა, მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?! მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას,” – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული