დღის ამბები ფინანსები

მთავრობამ ონლაინგამსესხებლებს შეუტია, მაგრამ არც მათ დააყოვნეს და ჯავრი საკუთარ მომხმარებლებზე იყარეს

მთავრობამ ონლაინგამსესხებლებს მკაცრი რეგულაციები დაუწესა,რითაც მათ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგათ, მაგრამ არც მათ დააყოვნეს და ჯავრი საკუთარ მომხმარებლებზე იყარეს. მართალია, საპროცენტო განაკვეთის მოცულობა კომპანიებმა შეამცირეს, სამაგიეროდ, შიდა განაწესები თავიანთ სასარგებლოდ მოირგეს და შემცირებული განაკვეთების მიღმა საკმაოდ მაღალი გადასახადები დააწესეს.

როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს,მიკროსაფინანსოები სასესხო განაცხადის შეტანისას ხალხს ფულს იმ შემთხვევაშიც ახდევინებენ, როცა სესხს არ უმტკიცებენ. სწრაფი სესხის ზოგიერთმა ორგანიზაციამ მომხმარებლებს ხელშეკრულების გადასახადიც დაუწესა, რისი გადახდაც კლიენტს საპროცენტო განაკვეთებთან ერთად უწევს და თითქმის ორმაგს იხდის.
მაგალითისთვის, კომპანია „ლენდოში” მომხმარებელს განაცხადის შესატანად 5 ლარს ახდევინებენ. კომპანია „ამიკაში” კი ხელშეკრულების განაცხადი 100 ლარზე 18 ლარია, რაც დამტკიცებული სესხის მოცულობის შესაბამისად იმატებს.
ერთადერთი გამოსავალი მომხმარებელთა დასაცავად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, რეგულაციასთან ერთად, ბაზრის მკაცრი კონტროლია, რასაც მთავრობამ, განსაკუთრებით სებ-მა, ყურადღება უნდა მიაქციოს. ასე ფიქრობს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის ინფორმაციითაც, ონლაინსესხების კომპანიები სხვადასხვა გაუმართლებელი ხერხითა და მეთოდით ცდილობენ კლიენტების მოტყუებას.
“მომხმარებელთა უფლებები აშკარად დაუცველია, რაც განპირობებულია იმითაც, რომ მონოპოლია დღეს ფინანსურ ბაზარზე ბანკებსა და მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებს უჭირავთ. ადამიანებს სხვა არჩევანი არა აქვთ. შესაბამისად, მათთან დადებული ხელშეკრულებები დაუბალანსებელია და გამოკვეთილი უპირატესობა აქვთ გამსესხებლებს. პრაქტიკულად, არ რჩებათ უფლებები მსესხებლებს, რომლებიც ასეთი ორგანიზაციებისგან იღებენ სესხებს…კომერციული საბანკო სისტემა მთლიანად ვერ ფარავს ყველა მოთხოვნას, რაც არის ბაზარზე და ამიტომაც გაჩნდნენ მიკროსაფინანსოები, თუ მათ ავკრძალავთ, სხვები მოვლენ. ამდენად, აკრძალვის გზით ვერ ვივლით, უნდა იყოს რეგულაცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა”–აცხადებს აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან” თუთბერიძე.
ფაქტია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსებობა იმ ფორმით, როგორიც არის დღეს, დაუშვებელია და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის გაცილებით მეტი პრობლემის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს.

გაზეთი “რეზონანსი”

კომენტარები