ცნობილი ადამიანები

”იმისათვის, რომ X ფაქტორის მენტორი იყო სულაც არ არის აუცილებელი მუსიკალური განათლება ან მუსიკალური ნიჭი გქონდეს.”

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტია მუსიკალურ პროექტ X Factor-ი 2018-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მონაწილე, მომღერალი ლიკუნა თუთისანი.

ლიკუნა, რამდენიმე სიტყვით თქვენს ბავშობაზე მომიყევით, როგორი იყო იგი და რა დოზით იყო თქვენს ბავშვობაში სიმღერა?

მოკლედ, 6 წლის ასაკში გამიჩნდა სურვილი იმისა, რომ მემღერა და მივხვდი, რომ მქონდა ნიჭი. უფრო მეტად კი ოჯახმა შეამჩნია ჩემი ეს მუსიკალური ნიჭი იმიტომ , რომ მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მუსიკალურშიც შევსულიყავი. შევედი ცაბაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში და დავამთავრე ექვსწლედი. მყავდა მასწავლებელი, რომელიც მაქცევდა ყურადღებას, გავიარე ეს ექვსწლედი, რომლის განმავლობაში ბენდშიც ვმღეროდი და  შეიძლება ითქვას, რომ პატარაობიდან დაწყებული აქამდე ჩემს ცხოვრებაში არის მუსიკა.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ კვლავ ეკრანზე გამოჩენას?

ახლა ვემზადები კონსერვატორიისთვის და მომავალ წელს უნდა ჩავაბარო საგუნდო სადირიჟოროზე. მერე კი ალბათ გავალ რომელიმე მუსიკალურ პროექტში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს პროექტები. X Factor-მა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა.

როგორ გადაწყვიტეთ, რომ მონაწილეობა მიგეღოთ X Factor-ში?

თავიდან მეგობარმა მომაწოდა იდეა. უფრო ადრე კი ჩემს მასწავლებელსაც ჰქონდა ნათქვამი, რომ აუცილებლად უნდა გახვიდე როცა პროექტი დაიწყებაო, თუმცა ჩემი სურვილიც იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ ზოგადად მაინც როცა მღერი ძალიან გინდა, რომ გამოჩნდე  და ხალხსაც გააგებინო შენი სიმღერა. მოკლედ, გადაწყვეტილება იყო საბოლოოდ ჩემი და რა თქმა უნდა გარშემომყოფების, მეგობრების , ოჯახის.

X factor-ის მიმდინარეობის პერიოდში რატომღაც თქვენზე და იკაკო ალექსიძეზე ამბობდნენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთო , რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

ამბობდნენ, თუმცა ეს  ტყუილია. ანუ ჩვენ ვიყავით კარგი  მეგობრები და მაგ პერიოდში ყველას ეგონა ეგ მასე, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა.

ლიკუნა, როგორ შეაფასებდით ნანიკო ხაზარაძეს როგორც მენტორს? როგორ ფიქრობთ, იმისათვის რომ X ფაქტორის მენტორი იყო, აუცილებელია მუსიკალური განათლება ან ნიჭი?

პირველ რიგში, ნანიკო ძალიან კარგი ადამიანია და ალბათ მე და მარიამს ძალიან გაგვიმართლა ამაში და ძალიან ბედნიერები ვიყავით. ის ბავშვებსაც ძალიან კარგად უგებს, არის ძალიან თბილი, მზრუნველი, აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და ჩვენს რეპეტიციებზე ყოველთვის მოდიოდა ხოლმე . ნანიკოს არ აქვს მუსიკალური განათლება, თუმცა აქვს გემოვნება, სმენა. იმისათვის, რომ X ფაქტორის მენტორი იყო სულაც არ არის აუცილებელი მუსიკალური განათლება ან მუსიკალური ნიჭი გქონდეს. ნანიკო ძალიან სწორად აფასებდა ყველაფერს და როგორც უკვე ვთქვი, გემოვნებაც ძალიან კარგი აქვს და სმენაც.

რა სირთულეებს აწყდებით ამ სფეროში? ან თუნდაც პროექტის მიმდინარეობის პერიოდში რას სირთულეებს აწყდებოდით?

სირთულე ის იყო, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა , რომ მოგვემზადებინა სიმღერა, თან ბოლოს უკვე ნახევარფინალში 2 სიმღერა იყო მოსამზადებელი. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანი როცა მოინდომებს ყველაფერი გამოუვა, თუმცა მეც გამიკვირდა როგორ ვისწავლე პორტუგალიური სიმღერა, რადგან პორტუგალიური საერთოდ არ ვიცოდი და დრო მქონდა ძალიან ცოტა.  სირთულეა კიდევ ის, რომ პროექტში მონაწილეობას ახლავს ძალიან ბევრი ნერვიულობა, ემოციები, სტრესი და ამისთვის უნდა იყო მზად.

რას გინდათ რომ მიაღწიოთ ყველაზე მეტად, როგორც მომღერალმა?

პირველ რიგში ჯერ საქართველოში მინდა გავითქვა სახელი, ხოლო შემდგომ უკვე უცხოეთში. ასევე მინდა, რომ დავუკრა, შევქმნა ჩემი სიმღერები და ვიყო მუსიკოსი და არა მარტო მომღერალი.

სიმღერის გარდა გაქვთ თუ არა რაიმე საყვარელი საქმიანობა?

დიახ, ვწერ მოთხრობებს, ლექსებს და ძალიან მიყვარს ლიტერატურა. ასევე ხშირად თავისუფალ დროს ვუყურებ ხოლმე ფილმებს. თავიდან სამსახიობოზეც ვფიქრობდი , რომ ჩამებარებინა, აქედან გამომდინარე ძალიან მინდა, რომ მიუზიკლებში მივიღო მონაწილეობა.

თქვენი აზრით რა გამოგარჩევთ სხვა მომღერლებისგან?

ალბათ სინამდვილე და გულწრფელობა, რასაც ჩემი მენტორი ნანიკოც აღნიშნავდა ხოლმე ჩემ შესახებ საუბრისას.

რა დონეზე გიგრძვნიათ კმაყოფილება თქვენ მიერ შესრულებული სიმღერისგან?

მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ კმაყოფილება პროექტში მონაწილეობის პერიოდში ვიგრძენი ყველაზე უფრო მეორე ტურში, რადგან  მქონდა ისეთი სიმღერა, სადაც ვიყავი ყველაზე გახსნილი, თავისუფალი და ყველაზე მეტად ვგრძნობდი საკუთარ თავს ამ სიმღერაში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომღერლისთვის ჟიურის შეფასება ან აღფრთოვანება მაყურებლისგან?

მაგას ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს სტიმულს გაძლევს, რომ იყო უფრო კარგი. სტიმულს ასევე გაძლევს ერთდროულად გარშემომყოფი ადამიანები, მეგობრები, ოჯახის წევრები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ დადებითი ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლისთვის.

 

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება